დასრულდა პროექტი კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში, რომელიც პროექტული სწავლების ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მოსწავლეების მიერ შეიქმნა შემეცნებითი ჟურნალი "ოქროს ხანა", რომელიც თამარის ეპოქას მიეძღვნა.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ჩაატარეს მცირე კვლევა, გამოიკითხა 50-ზე მეტი ადამიანი. კვლევის შედეგებმა სამწუხარო რეალობა გამოკვეთა - გამოკითხულთა 70 პროცენტზე მეტმა არ იცოდა თამარის ფრესკების, ასევე ბექა და ბეშქენ ოპიზრების შესახებ. სწორედ ამიტომ დამზადდა ჟურნალი, სადაც მარტივი, პოპულარული ენითაა ინფორმაცია მოწოდებული ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებზე, როგორებიცაა: ვარძია, ყინწვისი, ბეთანია და ბერთუბანი. ჟურნალი შესავალს, კვლევის შედეგებს, ორ სტატიას, ინტერვიუს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, ანა კლდიაშვილთან და თემატურ კროსვორდს აერთიანებს.
პროექტის პირველ ეტაპზე დამუშავდა პროფესიული ლიტერატურა - შალვა ამირანაშვილის ნაშრომი "ბექა ოპიზარი", ოთარ ფირალიშვილის სამენოვანი ნაშრომი "ყინწვისი", ალბომ-კალენდარი ქართულ სახვით ხელოვნებაზე, რომლის ტექსტის ავტორიც ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძე გახლავთ, ვნახეთ დოკუმენტური ფილმი თამარის ეპოქაზე, სადაც საინტერესო ვიზუალური მასალა და ინტერვიუებია გამოყენებული. მეორე ეტაპზე მოხდა ინფორმაციის დამუშავება, რის შემდეგაც დაიწერა სტატიები, ჩაიწერა ინტერვიუ ანა კლდიაშვილთან, რომელიც ხელოვნების სახლმძღვანელოების ავტორი გახლავთ, გათვალისწინებულ იქნა მისი რჩევები. პარალელურად, მოსწავლეებმა იზრუნეს ჟურნალის ვიზუალურ მხარეზე, შეადგინეს კროსვორდი, გააკეთეს ტექსტების კორექტირება, მოიძიეს ვიზუალური მასალა.
ფინალურ ეტაპზე სკოლა "გრაალის" ბიბლიოთეკაში შედგა ჟურნალის პრეზენტაცია. ღონისძიებას ზუმის პლატფორმიდან ერთვებოდა ანა კლდიაშვილი. მან მოსწავლეებს რჩევები მისცა და პროექტი დადებითად შეაფასა. ღონისძიების ბოლოს სპეციალური სიგელები გადაეცათ კლასის ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს - ლუკა ჩხიტუნიძეს და ნინი თათარაშვილს, ასევე დაჯილდოვდა მე-10 კლასი. აღსანიშნავია, რომ იგეგმება ჟურნალის ელ. ვერსიის გაზიარება სკოლის პედაგოგებისთვის. ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს მოსწავლეების საკითხით დაინტერესებას და თემის პოპულარიზაციას. იგეგმება პროექტის მონაწილეობა კონკურსშიც.
საგნის პედაგოგი: სოფიო წულაია