სამოდელო გაკვეთილი თემაზე: "ომი სახვით ხელოვნებაში, კერძოდ, მხატვრობაში". კლასი - მე-8, საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები დაინტერესებულიყვნენ სახვითი ხელოვნების იმ ნაწარმოებებით, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ომის თემაზე შეიქმნა, ემუშავათ კლასგარეშე ლიტერატურაზე - ცნობილი მხატვრების კატალოგებზე, გაცნობოდნენ მხატვრობის შედევრებს, საბოლოოდ კი სათანადოდ მოეხდინათ მიღებული ცოდნის პრეზენტაცია.
თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე განვიხილეთ მხოლოდ იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც ომის ყველაზე შემზარავი სურათები გააცოცხლეს, თავად ავტორები კი მოგვევლინნენ, როგორც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი პაციფისტები, რომლებმაც დაგმეს ომი და მას უდიდესი ბოროტება უწოდეს.
აღნიშნული თემის დამუშავებას 3 გაკვეთილი დაეთმო, დღეს კი სამოდელო გაკვეთილზე ერთგვარად განვლილი მასალა შევაჯამეთ. აღსანიშნავია, რომ სამოდელო გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დამზადდა 2 პრეზენტაცია და ერთი თემატური ნახატი. ბარბარე დალაქიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ფრანსისკო გოიას შემოქმედებაზე, განიხილა მხატვრის ორი პაციფისტური მანუშევარი: "დახვრეტა" და "კოლოსი". ანდრია არჩაიამ კი პრეზენტაცია პაბლო პიკასოზე მოამზადა, ყურადღება გაამახვილა მხატვრის ორ ნამუშევარზე: "გერნიკა" და "ხოცვა კორეაში". საბა ჯულაყიძემ შექმნა თემატური ნახატი ომის წინააღმდეგ, მისი ინსპირაციის წყარო გახდა გოიას ცნობილი ტილო "სატურნი ჭამს საკუთარ შვილს".
გაკვეთილის მეორე ნაწილი ორი აქტივობის შესრულებას დაეთმო: ჭეშმარიტი იყო თუ მცდარი მოსაზრება, მოსწავლეებმა წითელი და თეთრი ბარათების აწევით დააფიქსირეს, შემდეგ კი 5 პაციფისტური შინაარსის ტილო მათთვის ცნობილ 5 მხატვარს მიაკუთვნეს, გაიმართა მცირე დისკუსიაც თემაზე: ადამიანის სიცოცხლე უფრო ღირებულია თუ თავისუფლება? სამივე მოსწავლე აქტიურობისა და პრეზენტაციების საინტერესოდ მომზადებისთვის, ვიზუალური მასალისა და შინაარსობრივი მხარის ზუსტი თანხვედრისთვის, ასევე აქტიურობისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის შეფასდა 10 ქულით