• პროექტული სწავლება

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში პროექტული სწავლების ფარგლებში ხორციელდება პროექტი "თბილისში მდებარე ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ტაძრები". იგეგმება ორენოვანი (ქართულ_ინგლისური) ბუკლეტის დამზადება, რომელშიც შევა: სამების საპატრიარქო ტაძრის, ქვაშვეთის, სიონის, ანჩისხატის, ლურჯი მონასტრის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის, მამა დავითის, მეტეხის... მცირე ზომის ისტორიები, ასევე განისაზღვრება მათი, როგორც ხელოვნების ნიმუშების მხატვრული ღირებულება. ბუკლეტი გამდიდრდება საინტერესო ვიზუალური მასალითაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგთან, სოფიო წულაიასა და ინგლისური ენის პედაგოგთან, თამუნა კირთაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქვაშვეთის, სიონისა და ანჩისხატის ტაძრებში. პედაგოგების დახმარებით გაეცნენ თითოეული ძეგლის მოკლე ისტორიას, განსაზღვრეს მათი არქიტექტურული ტიპი, დაათვალიერეს ფრესკები, მოილოცეს იქ დაცული სიწმინდეები, პატრიარქების საფლავები და ბუკლეტისთვის გადაიღეს მნიშვნელოვანი ფოტომასალა.

          • სულხან-საბა ორბელიანი

          • პრეზენტაცია თემაზე: სულხან-საბა ორბელიანი _ დიდი ქართველი სკოლა გრაალის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით ჩაატარეს პრეზენტაციები თემაზე : სულხან-საბა ორბელიანი _ დიდი ქართველი. პრეზენტაციები წარმოადგინეს სლაიდების სახით. მოხსენებები საინტერსო და მრავალფეროვანი იყო. ისაუბრეს დიდი მოღვაწის ცხოვრების ურთულეს გზასა და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.

            ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ცირა გოგებაშვილი.

          • სტუმრად მთაწმინდის პანთეონში

          • სკოლა „გრაალის“ მე-10 კლასის მოსწავლეები მთაწმინდის პანთეონს ეწვივნენ. მოსწავლეები გაეცნენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ისტორიას, თვითონაც აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. გაიხსენეს ქართველი მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. შემდეგ მოილოცეს მამადავითის ტაძარი.

            ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგი: ცირა გოგებაშვილი

          • კომპლექსური დავალება "ვეფხისტყაოსნის" იმიტაცია

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური შემაჯამებელი დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დავალების მიზანი იყო, მოსწავლეებს შეექმნათ ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" იმიტაცია, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც წიგნის, ისე ეტრატის ფორმის. პირველ ეტაპზე უნდა აერჩიათ მათთვის სასურველი ტეაპები პოემიდან, გადაეწერათ მათ მიერ შექმნილ წიგნსა თუ ეტრატში, გამოეკვეთათ საზედაო ასოები, რის შემდეგაც ან თავად უნდა შეექმნათ მათ მიერ არჩეული ტაეპების შინაარსის ამსახველი მინიატურები, ან გამოეყენებინათ ცნობილი ქართველი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის, ირაკლი ოჩიაურის, ირაკლი თოიძის, სერგო ქობულაძის, მიხაი ზიჩის... საგანგებოდ "ვეფხისტყაოსნისთვის" შექმნილი ილუსტრაციები.

            აღსანიშნავია, რომ ლუკა ვასაძემ და საბა ჯულაყიძემ თავად შექმნეს ილუსტრაციები, დანარჩენმა მოსწავლეებმა კი ხელნაწერები ცნობილი მხატვრების ილუსტრაციებით დაასურათეს.

            საგნის მასწავლებელი: სოფიო წულაია

          • სტუმრად პარლამენტში

          • ქ. თბილისის კერძო სკოლა "გრაალი"-ს მოსწავლეები იმყოფებიდნენ ექსკურსიაზე საქართველოს პარლამენტში, მათ დაათვალიერეს ისტორიული შენობა, მუზეუმი და სასესიო დარბაზი. ასევე დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის შექმნისა და არსებობის ისტორიას

          • ტექნოლოგიების დადებით და უარყოფითი მხარეები

          • კერძო სკოლა ’’გრაალის“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე, ერთ-ერთი საკითხს წარმოადგენდა “The impact of technology on society”. საპრეზენტაციოდ შერჩეულ იქნა ისეთი თემები, რომელთა გამოყენების არეალი საკმაოდ ვრცელია და მათი გავლენა დიდი დოზით აისახება საზოგადოებაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ტექნოლოგიის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მისი გავლენის სიმძაფრეზე და გაიაზრეს, რომ ტექნოლოგია ასრულებს ფუნდამენტურ როლს მათ ცხოვრებაში და სწორედ მისი საშუალებით ხდება ყოველი საქმის წარმართვა და ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვანი ასპექტების ჩამოყალიბება. მოსწავლეების ხშირი მუშაობა მსგავს თემებზე, ხელს უწყობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და საჭირო ცოდნით აღჭურვას, რათა დაფიქრდნენ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურობის თანმდევი ნაწილია. სკოლა “გრაალი“ ყოველმხრივ უჭერს მხარს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას მნიშვნელოვან პროექტებში, რისი საშუალებითაც უყალიბებს მათ იმ საჭირო და აუცილებელ ცხოვრებისეულ უნარებს, რომლებიც უქმნის მოსწავლეებს გონებრივ და ემოციურ მზაობას რეალურ სამყაროში თავის დასამკვიდრებლად.

            მოსწავლეები: გიორგი აბაზაძე; ანასტასია კილანავა და ლუკა ჩხიტუნიძე

            მასწავლებელი: თამარ კირთაძე

          • კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი

          • სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ და დარგის სპეციალისტების დახმარებით დაათვალიერეს უძველესი ქართული ხელნაწერების მულაჟები და ორიგინალები: გელათისა და ალავერდის, მოქვისა და ვარძიის, ბერთისა და წყაროსთავის ოთხთავები, "ვეფხისტყაოსნის" მე-17 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერები, საეკლესიო გულანები, ერეკლე მეორის იურიდიული დოკუმენტები... გაეცნენ ეტრატზე წერისა და მასზე მინიატურების გამოსახვის ტექნიკას, პერგამენტების დამზადებისა და პალიმფსესტების წაკითხვის წესს, მინიატურებსა და ორნამენტებს. სკოლა "გრაალი" მადლობას უხდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გულთბილი მიღებისა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. აღსანიშნავია, რომ მე-8 კლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში სულ ახლახან შეისწავლეს შატბერდის სამი ოთხთავის - ჯრუჭის, პარხალისა და ადიშის სახარებების ისტორია. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშების მულაჟების ნახვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსწავლეების ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით.

            კლასის დამრიგებელი:სოფიო წულაია

          • 2020-2021 წლის ოქროსმედალოსნები

          • კერძო სკოლა "გრაალში" 2021 წლის ოქროსმედალოსანთა დაჯილდოება შედგა. მოსწავლეები სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა ქეთევან ლომინაძემ და  მარიამ სახელაშვილმა დააჯილდოვეს. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ისინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 50-70 პროცენტიანი გრანტით აგრძელებენ სწავლას, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და წარმატებით ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას.

          • ჯგუფი: ილია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილია ბარძიმიშვილი ( “The lord of the rings “)

          • კერძო სკოლა “გრაალის“ მე-9 კლასის მოსწავლეებს, ინგლისურ ენაში ჯგუფური სახის მუშაობა და მათთვის საყვარელ და საინტერესო საკითხებზე პრეზენტაციის წარდგენა დაევალათ. კლასი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, თითოეულმა მათგანმა იმუშავა სხვადასხვა თემაზე, რამაც პრეზენტაციის წარდგენის პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. ერთ-ერთი ჯგუფის თემა იყო “The lord of the rings “. პრეზენტაცების წარდგენის მიზანი იყო, მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტირების უნარების დახვეწა. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი პრეზენტაციებს, სამუშაო მასალად გამოიყენეს ფორმატი, თეორიული და ფოტომოსალის კომბინაციით პრეზენტაციის შესრულება, ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი პროცესის განვითარებას და მათი უნარების გამოვლენას, შესაბამისად მოსწავლეებში ძლიერდება ვიზუალური აზროვნება, რისთვისაც საჭირო უნარები მოსწავლეებს სკოლიდანვე უნდა გამოუმუშავდეთ, რათა შეეჩვიონ სახეებით აზროვნებასაც. სკოლა “გრაალს“ გააჩნია მოსწავლეთა განვითარებისთვის საჭირო ყველა ძირითადი რესურსი, რითაც ხელს უწყობს საგნის პედაგოგებს, მეტად აქტიური და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული გახადონ მოსწავლეები და გამოუმუშაონ მათ სამომავლოდ საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად საჭირო უნარები.

            ინგლისური ენის მასწავლებელი: თამუნა კირთაძე

          • იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები საბურთალოზე მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა განსაზღვრეს ტაძრის არქიტექტურული ტიპი, ასევე დაათვალიერეს დავით კაკაბაძე უმცროსის მიერ ტაძრის გარე ფასადებზე შესრულებული იოანე ღვთისმეტყველის, მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკები, გაეცნენ ქართული მოზაიკის ისტორიას, მოილოცეს ტაძარში დაბრძანებული ქართველი წმინდანების ხატები. აღსანიშნავია, რომ ტაძარი იხატება. ამ ეტაპზე მოხარულია საკურთხევლის კონქი, შესრულებულია ქრისტე-პანტოკრატორის მონასმები. მოსწავლეები დააკვირდნენ კონქის მოხარტულობას, ასევე ნახეს იატაკის მოზაიკა, რომელიც მაცხოვრის საფლავის ანალოგს წარმოადგენს. ტაძრის წინამძღვრისგან საჩუქრად მიიღეს იოანე ღვთისმეტყველის მცირე ზომის ხატები.

            მადლობას ვუხდით დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილს გულთბილი მიღებისთვის

          • 1 თებერვალი წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

          • 1 თებერვალს წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, კერძო სკოლა "გრაალის"  მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ მოკლე ინფორმაცია წარადგინეს, შემდეგ კი თავიანთი საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს. თანაკლასელებს მისცეს რჩევები კითხვასთან დაკავშირებით და გამოცდილება გაუზიარეს.

             

             

             

          • ნიკო ფიროსმანი

          • სკოლა "გრაალის" მე-8 კლასის მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში იმყოფებოდნენ და ნიკო ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა დაათვალიერეს. გაეცნენ მხატვრის ცხოვრებასა და მისი შემოქმედების მთავარ თავისებურებებს, განსაზღვრეს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ჟანრები, სტილი, ესთეტიკა... ასევე დაათვალიერეს ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები.

          • ეკო ცნობიერების ამაღლება

          • ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლა "გრაალში" ჩავატარდა ეკო წიგნის პრეზენტაცია

            შეხვედრას VIII-X კლასელები ესწრებოდნენ, რომლებთან ერთად გაიზომა ჰაერისა და ხმაურის ხარისხი.

            აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ეკო წიგნები.

            წიგნები საჩუქრად გადაეცა სკოლის ბიბლიოთეკასაც.

            სკოლა "გრაალი" მადლობას უხდის ეკო ჯგუფს თანამშრომლობისათვის

          • პროექტული სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

          • დასრულდა პროექტი კერძო სკოლა "გრაალის" მე-10 კლასში, რომელიც პროექტული სწავლების ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მოსწავლეების მიერ შეიქმნა შემეცნებითი ჟურნალი "ოქროს ხანა", რომელიც თამარის ეპოქას მიეძღვნა.

            პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ჩაატარეს მცირე კვლევა, გამოიკითხა 50-ზე მეტი ადამიანი. კვლევის შედეგებმა სამწუხარო რეალობა გამოკვეთა - გამოკითხულთა 70 პროცენტზე მეტმა არ იცოდა თამარის ფრესკების, ასევე ბექა და ბეშქენ ოპიზრების შესახებ. სწორედ ამიტომ დამზადდა ჟურნალი, სადაც მარტივი, პოპულარული ენითაა ინფორმაცია მოწოდებული ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებზე, როგორებიცაა: ვარძია, ყინწვისი, ბეთანია და ბერთუბანი. ჟურნალი შესავალს, კვლევის შედეგებს, ორ სტატიას, ინტერვიუს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორთან, ანა კლდიაშვილთან და თემატურ კროსვორდს აერთიანებს.

            პროექტის პირველ ეტაპზე დამუშავდა პროფესიული ლიტერატურა - შალვა ამირანაშვილის ნაშრომი "ბექა ოპიზარი", ოთარ ფირალიშვილის სამენოვანი ნაშრომი "ყინწვისი", ალბომ-კალენდარი ქართულ სახვით ხელოვნებაზე, რომლის ტექსტის ავტორიც ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძე გახლავთ, ვნახეთ დოკუმენტური ფილმი თამარის ეპოქაზე, სადაც საინტერესო ვიზუალური მასალა და ინტერვიუებია გამოყენებული. მეორე ეტაპზე მოხდა ინფორმაციის დამუშავება, რის შემდეგაც დაიწერა სტატიები, ჩაიწერა ინტერვიუ ანა კლდიაშვილთან, რომელიც ხელოვნების სახლმძღვანელოების ავტორი გახლავთ, გათვალისწინებულ იქნა მისი რჩევები. პარალელურად, მოსწავლეებმა იზრუნეს ჟურნალის ვიზუალურ მხარეზე, შეადგინეს კროსვორდი, გააკეთეს ტექსტების კორექტირება, მოიძიეს ვიზუალური მასალა.

            ფინალურ ეტაპზე სკოლა "გრაალის" ბიბლიოთეკაში შედგა ჟურნალის პრეზენტაცია. ღონისძიებას ზუმის პლატფორმიდან ერთვებოდა ანა კლდიაშვილი. მან მოსწავლეებს რჩევები მისცა და პროექტი დადებითად შეაფასა. ღონისძიების ბოლოს სპეციალური სიგელები გადაეცათ კლასის ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს - ლუკა ჩხიტუნიძეს და ნინი თათარაშვილს, ასევე დაჯილდოვდა მე-10 კლასი. აღსანიშნავია, რომ იგეგმება ჟურნალის ელ. ვერსიის გაზიარება სკოლის პედაგოგებისთვის. ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს მოსწავლეების საკითხით დაინტერესებას და თემის პოპულარიზაციას. იგეგმება პროექტის მონაწილეობა კონკურსშიც.

            საგნის პედაგოგი: სოფიო წულაია

          • ფემიციდი და მხატვრული ლიტერატურა

          • კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში: თემა - ფემიციდი და მხატვრული ლიტერატურა, როგორც აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი. კლასი - მე-8.

            განვიხილეთ შემდეგი ლიტერატურული ნაწარმოებები: გიორგი ლეონიძის "მარიტა", რევაზ ინანიშვილის "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?", ეგნატე ნინოშვილის "ქრისტინე" და ლეილა ბეროშვილის "ლილი". ვიმსჯელეთ ფემიციდის არსსა და სახეებზე, (ინტიმური, ე.წ "ღირსების მკვლელობა"...) ქალის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში და დავწერეთ არგუმენტირებული ესე "როგორ დავამარცხოთ ფემიციდი მხატვრული ტექსტების დახმარებით, როგორ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერების დონე სწორად მიწოდებული ინფორმაციითა და აქცენტებით". პარალელურად, მოვიძიეთ ის ხალხური ანდაზები, რომლებმაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში ქალების მიმართ ნეგატიური განწყობის გაღვივებას. მაგალითად: "ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო", "კარგი ცოლის ყოლას კარგი ცხენის ყოლა ჯობიაო"... დავამზადეთ პოსტერი-გაზეთი - არა ფემიციდს, რომელშიც ჩავრთეთ ჩვენ მიერ მომზადებული ესე, ანდაზები და ნაწყვეტები "მარიტადან", რომლებშიც კარგად ჩანს, ერთი მხრივ, ავტორის სიყვარული მარიტასადმი, მისი სულიერი და ფიზიკური სილამაზე, მეორე მხრივ, საზოგადოების სახე, რომელიც მშვენიერებას, სიყვარულსა და სიცოცხლეს დაუფიქრებლად ანადგურებს.

             

          • ვალენტობა

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასში ქიმიაში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: "ვალენტობა". მოსწავლეებმა გაკვეთილის მსვლელობის პროცესში შეძლეს ნივთიერების მოლეკულის ბურთულღეროვანი მოდელის დამზადება. მასალად გამოყენებულ იქნა ხელოვნური კაუჩუკი

          • ქრისტიანული ხელოვნების სიმბოლური ენა სახვით ხელოვნებაში - არქიტექტურასა და მხატვრობაში".

          • კერძო სკოლა "გრაალის" მე-8 კლასში ჩატარდა კიდევ ერთი სამოდელო გაკვეთილი თემაზე: "ქრისტიანული ხელოვნების სიმბოლური ენა სახვით ხელოვნებაში - არქიტექტურასა და მხატვრობაში". გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ ქრისტიანული ხელოვნების ძირითადი სიმბოლოების მნიშვნელობა, ფერთა სიმბოლიკა, ასევე განესაზღვრათ, რა ძირეული განსხვავებაა ანტიკური და ქრისტიანული ხელოვნების გამომსახველობით საშუალებებს შორის. გაკვეთილის პირველი ნაწილი წარმოადგენდა "გონებრივ იერიშს". მოსწავლეებმა წინარე ცოდნის გააქტიურება და განვლილი მასალის საფუძველზე ახალი თემების დამუშავება შეძლეს, ასევე მოისმინეს მინი ლექცია ქართული ხუროთმოძღვრებისა და იკონოგრაფიის ძირითად მახასიათებლებსა და თავისებურებებზე.

          • სკოლა გრაალი 12 წლისაა

          • სკოლა "გრაალი" 12 წელია თქვენი შვილებისთვის ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამებსა და მიდგომას გთავაზობთ. ამ წლების განმავლობაში ვამაყობთ, რომ :

            193 მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა სკოლა

            147-მა აბიტურიენტმა მოიპოვა 50, 70, 100%-იანი სახელმწიფო გრანტი

            42 სკოლადამთავრებულმა წარჩინებით სწავლისთვის ოქროს მედალი მოიპოვა

            აირჩიე გზა წარმატებისკენ, 

            აირჩიე სკოლა "გრაალი"

            დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

            +995 599 474 341

            Skola.graali@gmail.com

            ი. გამრეკელის N51 (ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ)